ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი იერჟი ბუზეკი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს რეფორმების გატარება სასამართლო, კანონის უზენაესობის, მედია პლურარიზმის სფეროში გააგრძელოს. ამის შესახებ იერჟი ბუზეკმა დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ნამდვილად მინდა მოგილოცოთ ის რეფორმები, რომელიც საქართველოში უკვე გატარდა, მაგრამ ამჟამად მინდა მოგიწოდოთ ახალი რეფორმებისკენ. მოდით მივცეთ დამატებითი იმპულსი ახლი რეფორმების გატარებას", - აღნიშნა ბუზეკიმ.
მისივე თქმით, ახალი რეფორმების გატარება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სწორი ურთერთთავსებადობა არსებობდეს.
"მინდა მოგიწოდთ, რომ გააგრძელოთ რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობა, მედიაპლურარიზმი", - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
ამასთან, ბუზეკიმ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მისაღწევად აუცილებელია თანამშრომლობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.
"მინდა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ არ გვსურს რაიმე თავზე მოგახვიოთ და გვსურს, რომ ეს რეფორმები თქვენი ხელისუფლებისგან და ხალხისგან მომდინარეობდეს", - აღნიშნა მან.
ამასთან, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობასაც და აღნიშნა, რომ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის, სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და ლიბერალიზაციაზე დაწყებული მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია.