"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის აზრით, პროცესების რადიკალიზაცია მხოლოდ "შეურაცხადობასთან მიახლოებულ ხელისუფლებას" შეიძლება აწყობდეს.
"თუ ნორმალურია ხელისუფლება და შეურაცხადობასთან არ არის მიახლოებული, პროცესის რადიკალიზაცია არ უნდა აწყობდეს, მაგრამ სააკაშვილის პირობებში ნამდვილად რთულად შესაფასებელია, სად გადის შეურაცხადობასა და შერაცხადობას შორის ზღვარი", - განუცხადა კაციტაძემ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება "რვიანსა" და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების გაჭიანურების მიზეზებს, კაციტაძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება შესაძლოა, 21 მაისს და მოვლენების შესაძლო განვითარებას ელოდებოდეს.
"ალბათ, გარკვეული მოლოდინები თუ როგორ განვითარდება მოვლენები 21 მაისის შემდეგ, ხელისუფლებას აქვს, თუმცა ჩვენ გვაინტერესებს არა "რვიანთან" მოლაპარაკებების გაჭიანურების მიზეზები, არამედ შედეგი", - განმარტა კაციტაძემ.