საერთაშორისო გარემოსდაცვითი კალენდრის მიხედვით, მაისის თვე არის ველოსიპედებით სიარულის თვე, ხოლო მაისის ყოველი მესამე პარასკევი სამსახურში ველოსიპედებით მისვლით აღინიშნება.
20 მაისს- "სამსახურში ველოსიპედით მისვლის დღეს", არასამთავრობო ორგანიზაციების -"მწვანე კლუბის", "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის", "ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის" მიერ თბილისში იგეგმება გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის, ველოსიპედის, გამოყენების პოპულარიზაციას და თბილისში ველო-ბილიკების გაკეთების ხელშეწყობას.
ღონისძიება მოიცავს ორ ძირითად ეტაპს: აქცია დაიწყება 20 მაისს, დილის 11:00-ზე თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს წინ, სადაც შეკრებილი იქნება 60 ველოსიპედისტი, პროფესიონალები და მოყვარულები. აქციას შემოუერთდებიან გარემოს დაცვის მინისტრი - გოგა ხაჩიძე და თბილისის მერი - გიგი უგულავა. 12:00 - დაიწყება ველოსიპედებით მსვლელობა, გზად მონაწილეები გაავრცელებენ ბროშურებს და მოუწოდებენ მოქალაქეებს, რაც შეიძლება ხშირად ისარგებლონ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით.
14:00 საათიდან ღონისძიება გაგრძელდება „მზიურში", სადაც გაიმართება მუსიკალური კონცერტი, მოეწყობა ფოტოგამოფენა, პროფესიონალი ველომრბოლელები მოაწყობენ სანახაობებს, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მოხატავენ სახეებს და მოსულ სტუმრებს მიეცემათ შესაძლებლობა უფასოდ ისარგებლონ ველოსიპედით ( თან იქონიეთ პირადობის მოწმობის ასლები).
ღონისძიებას მხარს უჭერს , თბილისის მერია, გარემოს დაცვის სამინისტრო და კომპანია ბილაინი