დღეს, 19 მაისს, 15:00 საათზე კრის ბოტის ბათუმში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება.
სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტზე განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით სტინგი მიიღებს მონაწილეობას. პრესკონფერენციას დაესწრებიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, კომპანია Eastern Promotions-ის დირექტორი მიშა გიორგაძე და მარკეტინგის მენეჯერი კახა კანდელაკი. კრის ბოტის კონცერტს ბათუმში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოგიდგენთ კომპანია Eastern Promotions-ის ორგანიზებითა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით.
ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად კონცერტის ტრანსლაციის უფლება (1 საათი და 20 წუთი) ექნება ერთ სატელევიზიო არხს. კონცერტის მსვლელობისას უნდა გაითიშოს სატელიტი და ინტერნეტ კომუნიკაცია, რათა არ მოხდეს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და სიგნალის გასვლა საქართველოს ფარგლებს გარეთ.
გადაღების საშუალება მიეცემა ოთხი არხის გადამღებ ჯგუფს და მხოლოდ პირველი 3 წუთის განმავლობაში. კონცერტს დაესწრება ერთი ფოტოგრაფი, რომელმაც ფოტომასალა უნდა გაავრცელოს ყველა საინფორმაციო საშუალებისთვის.
სავარაუდოდ ინტერვიუსთვის გამოყოფილი დრო კრის ბოტისთან იქნება 15 წუთი, ხოლო სტინგთან 5-7 წუთი. ოთხივე გადამღები ჯგუფი და ერთი ფოტოგრაფი ინტერვიუზე დაიშვება რეპეტიციის დასრულების შემდეგ.
კონცერტზე დასასწრები ბილეთები გაიყიდება თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებში 25 მაისიდან. ბილეთის ფასი 380 ლარი და 90 ლარი (დასადგომი). კონცერტიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ეროვნულ სკრინინგ ცენტრში.
შემსრულებლები: Lisa Fischer- ვოკალი; Billy Childs- ფორტეპიანო; Andrew Ezrin- კლავიში; Mark Whitfield- გიტარა; Carlos Puerto- ბასი; Billy Kilson- დასარტყამი ინსტრუმენტები; Caroline Campbell- ვიოლინო. მოწვეული მუსიკოსები: Dominic Miller- გიტარა; Jo Lawry - backup ვოკალი; Abdel Rhani Krija - პერკუსია