აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ გორდონის განცხადებით, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკაში პროგრესს ხედავს, თუმცა ეს შეერთებული შტატების პრინციპებისა და მეგობრების გაწირვის ხარჯზე არ ხდება.
"საქართველოს ხელშეწყობა მისი დემოკრატიული განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნლოვანია. ის ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია ავღანეთში. განვაგრძობთ მხარდაჭერას საქართველოს ტეროტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ კვლავ გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა რუსეთთან სხვადასხვა საკითხზე და მათ შორისაა საქართველო. მოსკოვთან ჩვენი ურთიერთობა ნამდვილად არაა იდეალური, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრინციპებისა და მეგობრების დათმობის ხარჯზე არ მომხდარა", - განაცხადა ფილიპ გორდონმა სენატში გამოსვლისას.
ამასთან, მან რუსეთის დემოკრატიის ხარისხზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით შეშფოთება გამოთქვა.
"ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ვგულისხმობთ ჟურნალისტის გაუხსნელ მკვლელობებსა და სხვა ინციდენტებს. რუსეთს კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი დემოკრატიული გნვითარებისთვის", - აღნიშნა გორდონმა.