გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია მკაცრად გააკრიტიკა. მისი აზრით, ამ ქვეყნების მოქალაქეები ზედმეტად ბევრს ისვენებენ და ცოტას მუშაობენ.
მერკელის აზრით, საბერძნეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში ადამიანები პენსიაზე გერმანელებზე ადრე არ უნდა გავიდნენ.
"არ შეგვიძლია უბრალოდ სოლიდარულნი ვიყოთ და ვთქვათ, რომ ამ ქვეყნებმა ყველაფერი ძველებურად უნდა გააკეთონ. ჩვენ არ შეგვიძლია, გვქონდეს საერთო ვალუტა იმ ფონზე, როცა ზოგიერთებს უფრო მეტი გამოსასვლელი დღე აქვთ. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება", _ აცხადებს გერმანიის კანცლერი.
მერკელის გამოსვლამ მის ოპონენტთა მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.
სოციალ-დემოკრატთა ხელმძღვანელ ზიგმარ გაბრიელის თქმით, "ქალბატონი მერკელი პოპულიზმსა და განწყობებზე თამაშს განაგრძობს, ნაცვლად იმისა, არსებითი არგუმენტები წამოაყენოს".
თავის მხრივ, ევროპარლამენტში მწვანეთა ფრაქციის ლიდერმა დანიელ კონ-ბენდიტმა კანცლერის განცხადებას აბსურდული უწოდა.
"მაშინ, როცა ადამიანი საზოგადოებრივი და ეკონომიკური შერწყმის ინიციატივით გამოდის, მან პრიმიტიული ლოზუნგები და განსჯა უნდა დათმოს",_აღნიშნა კონ-ბენდიტმა.