სეპარატისტულ აფხაზეთში რეპრესიები დაიწყო - თანამდებობიდან ათავისუფლებენ ადამიანებს, რომლებმაც 15 მაისს ახალი ათონის სვიმონ კანანელის სახლობის მონასტერში გამართულ საერო-სასულიერო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა.
ერთ-ერთი პირველი დაზარალებული, სეპარატისტულ აფხაზეთში მოქმედი "აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის" ინტერნეტგვერდის რედაქტორი როინ აგრბა აღმოჩნდა.
"პარტიის ლიდერმა (ბესლან ბუთბა) პირდაპირ მკითხა, რატომ ვიყავი შეკრებაზე წასული. მანამდე თურმე პარტიის ყველა წევრს დაუგზავნეს დირექტივები, თუმცა მათ შესახებ ჩემთვის ცნობილი არაფერი იყო",_ აცხადებს აგრბა.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში მოქმედი "აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტია" კონსტრიქციულ ოპოზიცას ითვლება, თუმცა როგორც ჩანს სეპარატისტთა ე.წ. ხელისუფლების მითითებებს მაინც ასრულებს.
როგორც ცნობილია, სეპარატისტულ აფხაზეთში მიმდინარე სასულიერო პირთა დაპირისპირებაში სერგეი ბაღაფშსა და მის გუნდს აფხაზეთის ე.წ. ეპარქიის ხელმძღვანელის, ბესარიონ აპლიას მხარე უჭირავთ. ამის სავარაუდო მიზეზი არის ის, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე განუცხადა აფხაზეთის ე.წ. პრემიერს სერგეი შამბას, რომ აფხაზეთის სასულიერი პირების ე.წ. ახალგაზრდა ფრთის წარმომადგენელთა პოზიციის დაცვის შემთხვევაში რუსეთსა და აფხაზეთს შორის "გართულებები მოსალოდნელია არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ პოლიტიკური კუთხითაც".
შეგახსენებთ, რომ აფხაზი სასულიერი პირების ახალგაზრდა ფრთა, აფხაზეთის საეკლესიო საქმეებში რუსეთის საპატრიარქოს ჩარევას აპროტესტებს, რუსეთის ეკლესიის მხრიდან აფხაზეთში ტაძრების ხელმძღვანელად რუსი ღვთისმსახურების დანიშვნას ეწინააღმდეგება და აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას მოითხოვს.