საინფორმაციო პორტალ TMZ-ის თანამშრომლებმა, რომლებიც ცნობილი ადამიანების ცხოვრების დეტალებით ინტერესდებიან, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორის არნოლ შვარცნეგერის უკანონო ვაჟის დედის ფოტოსურათი გამოაქვეყნეს.
საიტზე პატარა ბავშვის ფოტოსურათებიც გამოჩნდა, თუმცა სურათების უხარისხობის გამო მასზე სახის გარჩევა შეუძლებელი იყო.
შვარცნეგერის უკანონო შვილის დედა შინამოსამსახურე ქალი მილდრედ პატრისია ბაენა აღმოჩნდა, რომელსაც შვარცნეგერის ოჯახში, უბრალოდ, პეტის უწოდებდნენ.
მსახიობისა და პოლიტიკოსის არნოლდ შვარცნეგერის ოჯახში 20-წლიანი მუშაობის შემდეგ პეტი დაითხოვეს.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, შვარცნეგერსა და პეტის შორის ურთიერთობა 1990 წლიდან დაიწყო. ამასთან, მსახიობის საყვარელი ქალი ღამით შვარცნეგერისა და მისი მეუღლის სახლში არასდროს რჩებოდა. ამიტომაც მსახიობის ახლობლებმა მათი რომანის შესახებ არაფერი იცოდნენ.
მას შემდეგ, რაც დაორსულდა, შვარცნეგერს არ შეატყობინა, ვინ იყო ბავშვის მამა. ამის შესახებ იგი მსახიობს რამდენიმე წლის შემდეგ გამოუტყდა, როცა ბიჭი წამოიზარდა.
ამჟამად შვარცნეგერის ვაჟი დედასთან ერთად ლოს-ანჟელესთან ცხოვრობს. ბიჭი 10-11 წლისაა. იგი მამას ძალიან ჰგავს.
ამ ვერსიის გარდა, ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ ბავშვის დედა, პეტის ნაცვლად, შესაძლოა, შვარცნეგერის პირადი თვითმფრინავის ყოფილი ბორტგამცილებელი თემი თუსინიანია. ეს ვერსია ჯერ კიდევ 2003 წელს გაჩნდა.
თუმცა 18 მაისს თუსინიანის ადვოკატმა განაცხადა, რომ შვარცნეგერი ექს-ბორტგამცილებლის 19 წლის შვილის მამაა.
შეგახსენებთ, შვარცნეგერისა და მისი მეუღლის მარია შრაივერის გაყრის შესახებ 10 მაისს გახდა ცნობილი. შვარცნეგერმა უკანონო ვაჟის ყოლა 17 მაისს აღიარა.