19 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ანტიკვარული ნივთების კოლექციონერის, ბრონისლავ გოკიელისა და ჭედური ხელოვნების ოსტატის, შალვა ბაბუხადიას ნაჩუქარი კოლექციების პრეზენტაცია გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მინიატურული სკულპტურები, ილუსტრაციები, პორტრეტები, ძვლის მასალით შესრულებული ნივთები.
ბაბუხადიას კოლექციაში სულ 2000-მდე ძვალზე შესრულებული ექსპონატი ინახება, მათგან 500 ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ბაბუხადიას მიერ შექმნილი ჭადრაკის ფიგურები, სასმისები, სამკაულები, პოეტებისა და მწერლების 49 პორტრეტი პირველად გამოიფინება საზოგადოების წინაშე.
ბრონისლავ გოკიელმა პირადი ანტიკვარული ნივთების კოლექციიდან მუზეუმს უამრავი ექსპონატი შესწირა. იტალიური მაგიდა, ჩინური და იაპონური ლარნაკები, უძველესი ჭურჭელი და კიდევ სხვა უამრავი ანტიკვარული ნივთი მისი დამსახურებით დღეს სწორედ საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში იყრის თავს და დამთვალიერებელს ელოდება.