2015 წლისთვის ექსპლუატაციაში 11 ახალი ჰიდროელექტროსადგური შევა. ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა ჟურნალისტებს ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია რა კეთება ბოლო წლების განმავლობაში ენერგეტიკის სამინისტროში, კერძოდ კი, ახალი ელექტროსადგურების ასაშენებლად რა ხელშეკრულებებია გაფორმებული.
"დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით. 2009 წლის შემდეგ 6 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, წელს კიდევ 5 სადგურის მშენებლობაა დაწყებული", - აღნიშნა ხეთაგურმა.
მისი თქმით, რამდენიმე ელექტროსადგურების მშენებლობა იგეგმება, რის შედეგადაც 2015 წელს ექსპლუატაციაში 11 ჰიდროელექტროსადგური შევა, ხოლო 2018 წლისთვის მათი რაოდენობა 18-მდე გაიზრდება.
"ახალი სადგურების მშენებლობის დასრულების შემდეგ საშუალება მოგვეცემა ელექტროენერგიის ექსპორტი გავასამმაგოთ", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.