"ქართული პარტიის" ლიდერების მტკიცებით, მათი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ ბრძოლა შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.
„17 მაისს, დილით, ანაკლიაში, სამეგრელოს რეგიონის პოლიციის სამხარეო სამმართველოს მაღალჩინოსნები შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ, რომელზეც „ქართულ პარტიასთან" ბრძოლის მეთოდებზე იყო საუბარი. გადაწყდა ზუგდიდში „ქართული პარტიის" ოფისის დაშლა", - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული პარტიის" წარმომადგენელმა კახა მიქაიამ.
მისივე განმარტებით, „გუშინვე, იგივე შემადგენლობა, ამჯერად მერაბიშვილის გარეშე, ზუგდიდში კიდევ ერთხელ შეიკრიბა და შეხვედრაზე ცნობილმა „ზონდერმა" თემურ თორიამ, მეტსახელად „ლოქომ", „ქართული პარტიის" წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარება თავის თავზე აიღო".
„ეს ადამიანები აპირებენ პარტიის ზუგდიდის ოფისის თანამშრომლების დაპატიმრებას არა პოლიტიკური, არამედ კრიმინალური სარჩულით", - აღნიშნა კახა მიქაიამ. მისი ვარაუდით, ეს შეიძლება იყოს ნარკოტიკის ან იარაღის ჩადება, ქუჩაში ჩხუბის პროვოცირება, ავტოკატასტროფა და ა.შ.
„თუ პარტიის ზუგდიდის ოფისის თანამშრომლებს - ალექსანდრე გეთიას, ალექსანდრე მოლაშხიას, დავით სორდიას, რამაზ შუბითიძეს, გიორგი ჯღარკავას, გურამ ჩიქვანავას, თენგიზ გერგედავას, - რაიმე ხიფათი შეემთხვათ, მომხდარზე პასუხისმგებლობა ვანო მერაბიშვილს დაეკისრება", - აცხადებს კახა მიქაია.