პარლამენტის წინ მოშიმშილე ადვოკატებს საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელი ეკა ბესელია თანადგომას უცხადებს.
მისი თქმით, ადვოკატების შიმშილობის აქცია ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ფორმაა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დამცველები თავად დაუცველნი არიან.
"ადვოკატები იძულებულნი არიან, პროტესტის ყველაზე უკიდურეს ფორმას მიმართონ. თავის მხრივ, როცა პოლიცია აქციის დაშლას იწყებს, ეს ნიშნავს, რომ იგი ძალის დემონსტრირებას არ ერიდება და მისთვის გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციურად დაცული უფლება არაა",_აცხადებს ეკა ბესელია "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, გუშინ ადვოკატთა ერთმა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა. ისინი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ.