დღეს სასტუმრო რედისონში თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა მიმართა. პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობისათვის ენერგეტიკის სფერო ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მოუწოდა თურქ ბიზნესმენებს, განახორციელონ ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში.
გილაურის თქმით, ყველა თურქ ბიზნესმენს, რომელიც საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიციების ჩადებას გადაწყვეტს, საქართველოს ხელისუფლებისაგან სრული პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება.
ნიკა გილაურის განცხადებით, საქართველოში ელექტროსადგურების 85% ჰიდროელექტრო, ხოლო 15% თბოელექტროსადგურია. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია, რომ საქართველოში ელექტროსადგურების 100% ჰიდროელექტროსადგურები იყოს.
"თურქი ბიზნესმენები, რომელიც საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიციებს განახორციელებენ, მხოლოდ ერთი პირობა უნდა შეასრულონ _ ზამთრის პერიოდში ჰესების საშუალებით გამომუშავებული ენერგია საქართველოში უნდა გაიყიდოს. ნებისმიერი დოლარი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკაში ცაიდება, ბევრად მომგებიანია, ვიდრე ამ სფეროში სხვა ქვეყნებში ჩადებული ინვესტიცია, რადგან საქართველოს დიდი ჰიდროპოტენციალი გააჩნია. ჩვენ ჩვენის მხრივ, ვიძლევით პირობას, რომ ყველა ინვესტორს ექნება სრული პოლიტიკური მხარდაჭერა და ასევე ვიძლევით იმის გარანტიას, როიმ საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგია შეუფერხებლად წავა ექსპორტზე თურქეთში გადამცემი ხაზების მეშვეობით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სრული მხარდაჭერა იქნება ასევე დაფინანსების კუთხითაც, რადგან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოში ამ კუთხით აქტიურად მუშაობენ", _ განაცხდა ნიკა გილაურმა.