სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით დაზღვეულთა უფლებებს მედიაციის სამსახური დაიცავს. სამსახურის პრეზენტაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა.
მედიაციის სამსახური სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის მონაწილეებს მათი უფლებებისა და კუთვნილი მომსახურების შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდის. გარდა ამისა, სამსახურის თანამშრომლები მოქალაქეებს პრობლემების გადაჭრაში და სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობაშიც დაეხმარებიან.
„ეს იქნება სამსახური, რომელიც ნებისმიერ დარღვევაზე, ნებისმიერ ხარვეზზე მკაფიო რეაგირებას მოახდენს. ის ხელმისაწვდომი იქნება სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში ჩართული ყველა ოჯახისთვის, ყველა მოქალაქისთვის", - განუცხადა ურუშაძემ ჟურნალისტებს.
20 მაისიდან მედიაციის სამსახური საინფორმაციო კვირეულს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება.
დღეისთვის საქართველოში სახელმწიფო დაზღვევით 925 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.