"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, ოკუპირებულ რეგიონში დანაშაულებირვი ქმედებების აღკვეთისთვის აუცილებელია საერთაშორისო მონიტორების შეშვება, რომლებსაც პოლიციური ფუნქციები მიენიჭებათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა საჩხერის რაიონში საოკუპაციო ხაზთან რუსების მიერ ორი ქართველი ახალგაზრდის დაჭრის ფაქტის შეფასებისას განუცხადა.
"რთულია ამ ფაქტს რაიმე შეფასება მივცეთ გარდა ერთისა - ეს არის დანაშაული, რომელიც ამ შემთხვევაში მხოლოდ ლოკალური ხასიათის არ არის და საერთაშორისო დონეზე ჩადენილია. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არის არც ერთი საერთაშორისო ორგანზიაცია, არც გაეროს და არც ეუთოს მისიის წარმომადგენლები და, შესაბამისად, არ ვიცით რეალურად რა ხდება იქ", - განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ყოველმხრივი მცდელობა უნდა იყოს რომ ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორების შესვლას მიაღწიოს, რომელთაც პოლიციური ფუნქციაც ექნებათ.
"საერთაშორისო ორგანზიაციების შესვლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენ გავიგებთ რა დანაშაულებები ხდება რელაურად ამ ტერიტორიებზე და ამ ყველაფერს კი უკვე პრევენციული ხასიათი ექნება რომ მსგავსი ფაქტები თავიდან ავიცილოთ", - აცხადებს ახვლედიანი.