დღეს, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღეს მუზეუმებში, მუზეუმ-ნაკრძალებსა და სახლ-მუზეუმებში დამთვალიერებელთა შესვლა თავისუფალია.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებში სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიება გაიმართება. სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალს ეწვევა.
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში, ქვაში ნაკვეთ კომპლექსში წარმოქმნილი ბზარების ინექტირება ძველი ტრადიციული მასალით მიმდინარეობს. ადგილზე უკვე დამონტაჟებულია უძველესი სარესტავრაციო მასალის დამამზადებელი წისქვილები.
წლის ბოლომდე განხორციელდება უფლისციხის გალავნის კედლის, დიდი გალავნის, თეატრონის, მაყვლოვანში ქურუმების დარბაზის, უფლისციხის უძველესი აფთიაქისა და თამარის დარბაზის დაზინებული კედლების კონსერვაცია.
უკვე მოწყობილია ტურისტების უსაფრთხოებისთვის აუცილებელი დამცავი ჯებირები, საინფორმაციო დაფები, სამახსოვრო ბილეთები და გამოცემულია ორენოვანი გზამკვლევი.
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 16:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდება მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება "მოგზაურობა ხელნაწერთა სამყაროში".
აღნიშნული ტური და შესაბამისად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია ხელს შეუწობს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ოჯახური ვიზიტის პრაქტიკის დამკვიდრებას.
პროექტის მიზანია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული კულტურული მემკვიდრეობის სოციალიზაცია, ხელნაწერი მემკვიდრეობის მოვლისა და შესწავლის აუცილებლობის გააზრების ხელშეწყობა.
საექსკურსიო ტური განიხილება, როგორც შემეცნებითი მოგზაურობა წარსულსა და აწმყოში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სივრცის ფარგლებში.