საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე ოპოზიციურ ძალებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ალაფის ჩატარებას. ტურნირი IRB-ს ორგანიზებით, 24 მაისს დაიწყება. ნიჟარაძემ "შევარდენის" სარაგბო ბაზაზე ჟურნალისტებთან შეხვედრისას ტურნირის საორგანიზაციო საკითხებიც გააცნო.
"20-წლამდელთა ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული რაგბის განვითარებას, იქნება კარგი წინაპირობა იმისა, რომ მომავალში უფრო მნიშვნელოვანი ტურნირები ჩატარდეს საქართველოში და თავისთავად მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდა სპორტსმენების უკეთ წარმოჩენისთვის, მათი წარმატებისთვის და ამ ახალგაზრდული ნაკრებების ერთმანეთთან დაახლოებისთვის. ყველა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, მათ შორის რადიკალურმა ოპოზიციამ, კარგად უნდა გაიაზროს ტურნირის მნიშვნელობა და მოერიდონ ისეთ რადიკალურ ქმედებებს, რაც ხელს შეუშლის ტურნირის მიმდინარეობას, ვარჯიშებს და გუნდების გადაადგილებას", - განაცხადა ნიჟარაძემ.