18 მაისს, 14:00 საათზე, ეროვნულ არქივში ცნობილი ქართველი მსახიობის, სესილია თაყაიშვილის დაბადებიდან 105 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოფენა "სესილია~ გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება არა მარტო ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული მასალა, არამედ სესილია თაყაიშვილის საოჯახო ალბომებში არსებული ფოტოები. გამოფენილი იქნება მსახიობის როგორც კინო-, ისე თეატრალური როლების ამსახველი კადრები, ასევე, ბიოგრაფიული შინაარსის ფოტოები.
ეროვნულ არქივში დაცულია სესილია თაყაიშვილის მონაწილეობით გადაღებული 30-მდე მხატვრული ფილმის გადასაღები მოედნის კადრები, მათ შორისაა: "აბეზარა~, "ჩვენი ეზო~, "მანანა~, "საბუდარელი ჭაბუკი~, "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი~, "თოჯინები იცინიან~, "პიერი - მილიციის თანამშრომელი~, "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი", "მალე გაზაფხული მოვა~, "დიდოსტატის მარჯვენა~, "ნერგები~, "ნატვრის ხე~, "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი~ და სხვ.
საინტერესოა სესილია თაყაიშვილის საოჯახო ალბომის ფოტოსურათები, რომელიც მსახიობის თეატრალურ როლებს ასახავს: სიუზონი სპექტაკლში "ფიგაროს ქორწინება~; პარასკევა სპექტაკლში "ნაპერწკალიდან~; პრიუდანსი სპექტაკლში "მარგარიტა გოტიე~; ჰერცოგინია გალზბურგი სპექტაკლში "რიუ ბლაზი~; კატარინა სპექტაკლში "ჭირვეული ცოლის მორჯულება~; ბარონესა შტრალი სპექტაკლში "მასკარადი~; გამდელი სპექტაკლში "რომეო და ჯულიეტა~; ელისაბედ დედოფალი სპექტაკლში "მარიამ სტიუარტი~ და სხვ.
გამოფენაზე ნაჩვენები იქნება 1980 წელს რეჟისორ თემურ ბაქრაძის მიერ გადაღებული კინონარკვევი "სესილია თაყაიშვილი~.
გამოფენა 25 მაისს დაიხურება.