"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაგადა ანიკაშვილი ხელისუფლებას სამედიცინო სფეროში ვითარების მიზანმიმართულ გაუარესებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, სამედიცინო სექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მხოლოდ ორი შედეგის დანახვა შეიძლება, პირველი - სამედიცინო მომსახურებაზე ფასების მუდმივი ზრდა და მეორე სამსახურის გარეშე დარჩენილი ასეულობით ექიმი.
"ეს არის ის შემდეგები, რომელიც მოყვება ამ რეფორმებს", - აღნიშნა მან.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა იაშვილისა და ბავშვთა მესამე სავადმყოფოს პრივატიზაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ ამ დროს მხოლოდ სახელმწიფოს და ინვესტორის ინტერესების გათვალისწინება ხდება და უგულებელყოფლია, როგორც პაციენტის, ასევე სამედიცინო პერსონალის ინტერესები.
"სახელმწიფოს ინტერესია, რომ რაც შეიძლება მეტი თანხმა შევიდეს ბიუჯეტში, ხოლო ინვესტორი ცდილობს რაც შეიძლება ხელსაყრელ პირობებში ჩაიგდოს სამედიცინო დაწესებულება, მაგრამ არასდროს გათვალისწინებული არ არის პაციენტის და ექიმის ინტერესები, რომ ერთის მხრივ პაციენტმა მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება ხელმისაწვდომ ფასში და მეორეს მხრივ ექიმის სამუშაო გარემოს გაუმჯობესება მოხდეს", - აღნიშნა ანიკაშვილმა.
მისივე შეფასებით, გამოცდილი ექიმების სამსახურის გარეშე დატოვება, მაშინ როცა რეგიონებში სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევა ვერ ხდება დანაშაულის ტოლფასია.
ამასთან, ანიკაშვილმა ხელისუფლებასა და დედაქალაქის მთავრობას დანაპირები შეახსენა, როდესაც ისინი ბავშვთა პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმებს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეპირდნენ.
"არც ერთი პირობა არ შესრულებულა და დღეს ექიმების 80% სამსახურის გარეშეა დარჩენილი", - აღნიშნა მან.