"ქრისტინ-დემოკრატები" უმრავლესობას სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის განხილვის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. როგორც დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა აღნიშნა, მის განცხადებას აქვს პრევენციული ხასიათი, რომ თუ 23 მაისს ადამიანის უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტი მაინც განიხილავს სახალხო დამცველის ანგარიშს, შემდეგ პლენარულ სხდომაზე მისი გამოტანა კიდევ ორი თვით არ გადაიწიოს.
"კომიკურ სიტუაციამდეა მისული სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის საკითხი. ყველას კარგად გვესმის, საზოგადოების მოლოდინიც მაღლია, რომ სახალხო დამცველის ანგარიში ბოლოს და ბოლოს გამოვიდეს პარლამენტის სხდომაზე, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის თუ რაოდენ მწვავე, კრიტიკული და დანაშაულებრივი ფაქტებია მოყვანილია მასში", - აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში უმრავლესობა ერთი თვე ითხოვა ომბუდსმენის ანგარიშის გასაანალიზებლად და შესასწავლად, თუმცა მაისის დასაწყისში დაპირებული განხილვა დღემდე არ მომხდარა.
"სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა კიდევ გადაიდო 23 მაისისთვის იმ მიზეზით, რომ ტუღუში თბილისში არ არის, მაგრამ არავინ არ იცის ეს თარიღი საბოლოოა თუ არა, რადგან კომიტეტის სხდომა ოფიციალურად ჩანიშნული არ არის. მინდა პრევენციის თვალსაზრისით მოგიწოდებთ კომიტეტში თუ ჩაატარებს განხილვას, ამის შემდეგ კიდევ ორი თვით ნუ გადადებთ მის პლენარულ სხდომაზე გამოტანას", - აღნიშნა ახვლედიანმა.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა უმრავლესობას მოუწოდა თავის თავში ძალა იპოვონ და ანგარიშის განხილვას "ნუ გატარებთ ერთ ყურში და მეორე ყურიდან ნუ გაუშვებთ".
"ანგარიშის განხილვა უნდა დასრულდე შესაბამისი შედეგით და მასში დასახელებული თანამდებობის პირები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს თანამდებობიდან უნდა განთავისუფლდნენ", - აცხადებს ახვლედიანი.