პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ "ქრისტიან-დემოკრატებს" ურჩია "ღია კარის მტვრევას" ნუ დაიწყებენ. ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარის გიორგი ახვლედიანის გამოხმაურებისას აღნიშნა.
"ბიუროზე ვთქვით, რომ სახალხო დამცველი თბილისში 23 მაისს ჩამოვა და 24 მაისს კომიტეტზე მოხდება მისი მოსმენა და რა საჭიროა ახლა ღია კარის მტვრევა?!" - მიმართა ახვლედიანს დავით ბაქრაძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე "ქრისტიან-დემოკრატებს" დაპირდა, რომ თუ სურდათ სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა გიორგი ტუღუშის გარეშე კენჭისყრაზე დაყენონ და იგი მხარს დაუჭერს.
"სახალხო დამცველის გარეშე გამოვიტანოთ მისი ანგარიში დღის მეორე ნახევარში და მე მხარს დაუჭერ კენჭისყრაზე მის გამოტანას. რატომ ამტვრევთ ღია კრებს? მაგრამ იცით, რომ ვერ გამოვიტანთ რადგან ეს ადამიანი არ არის თბილისში", - აღნიშნა ბაქრაძემ.
ახვლედიანის თქმით, კი მას საუბარი ჰქონდა იმაზე, რომ სახლო დამცველის ანგარიში განხილვა არა დღევანდელ სხდომაზე მოხდეს, არამედ სანამ მივლინებაში წავიდოდა ტუღუში ეს პროცესი უკვე უნდა დასრულებულიყო.