საქართველოს პრეზიდენტმა კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგების აღმოფხვრასთან დაკავშირებით რეგიონის გუბერნატორს შესაბამისი განკარგულება მისცა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
„კახეთის რეგიონში მოსულ სტიქიასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან რწმუნებულისა და მისი სამსახურის მისამართით შესაბამისი დავალება უკვე გაიცა", - განაცხადა მანჯგალაძემ.
ამას გარდა, მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი რეგულარულად იღებდა ინფორმაციას თბილისის წყალმომარაგებასთან დაკავშირებითაც, რომელიც უამინდობის გამო შეფერხებული იყო.
„ბოლო ინფორმაციით, თბილისში წყლის მიწოდება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ კახეთი გადაუღებელმა წვიმებმა მნიშვნელოვნად დააზიანა.