ქუთაისში პარლამენტის გადატანის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტის სოლიდური ნაწილი თბილისა და ქუთაისს შორის მოგზაურობას დასჭირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა განუცხადა.
მისი შეფასებით, პარლამენტის ახალი შენობის აშენება ათეული მილიონი ჯდება, რასაც პარლამენტის, აპარატის და მთავრობის წევრების საცხოვრებელი და მგზავრობის ხარჯებიც დაემატება.
"ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ყელში ამოუვიდა საბურთალოელების და ვაკელების აქციები პარლამენტთან", - აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით, როდესაც "ქრისტიან-დემოკრატებმა" გააპროტესტეს, რომ წარმოუდგენელია "გორგოლაჭებიან" პარლამენტის გაკეთება და თბილისა და ქუთაის შორის 150 ადამიანის სირბილი, მაშინ ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ამას მოახერხებდა.
"ხელისუფლება ახლა უკვე იზარებს რომ ორი პარლამენტს შორის სიარული აბსურდულია და ამის გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება. თუმცა პრობლემად კვლავ რჩება მთავრობასთან კომუნიკაცია, რადგან ახალი კონსტიტუციით პარლამენტზე უფრო დამოკიდებული ხდება მთავრობა და მათ ყოველდღიურად მოუწევთ ორ ქალაქს შორის წინა და უკან სიარული", - აღნიშნა ახვლედიანმა.