თბილისის მასშტაბით წყალმომარაგება სრულიად აღდგენილია. თბილისის მოსახლეობა სასმელ წყალს 24 საათიან რეჟიმში იღებს.
მდინარე არაგვის ადიდების გამო მწყობრიდან გამოსულ სათავე-ნაგებობზე სპეციალისტები ერთი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.
სისტემის აღსადგენად მდინარეში წყლის დონე ხელოვნურად დაწიეს.
იყო საფრთხე, რომ თბილისამდე დაბინძურებულ წყალს მოეღწია, ამიტომ „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერის" სპეციალისტები იძულებულები გახდნენ, რომ წყლის მიწოდება ხელოვნურად შეემცირებინათ.
კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ამ დრომდე დაზიანებულ უბნებზე რჩებიან, რათა მდინარის ხელმეორედ ადიდების შემთხვევაში განმეორებითი პრობლემები აღარ შეიქმნას.
შეგახსენებთ, რომ არაგვის ხეობაში მდებარე სათავე-ნაგებობის დაზიანების გამო თბილისის რამდენიმე უბანს წყალი ორი დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.