დღეს, 17 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართება ცენტრის არქივში დაცული ქართული საეკლესიო საგალობლების სანოტო ხელნაწერების მიხედვით შედგენილი კრებულის პრეზენტაცია. კრებულში შესულია პირველშეწირულის საგალობლები - იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, გრიგოლ დიალოღოსი, ასევე ქორწინებისა და პანაშვიდის საგალობლები. კარბელაშვილების სკოლა, ქართლ-კახური კილო.
შემდგენელ-რედაქტორები არიან დავით შუღლიაშვილი და ზაალ წერეთელი.
17 მაისსვე ხელი მოეწერება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ა.ი.პ. "ანჩისხატელებს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ცენტრში დაცული საგალობლების სისტემატიზაციას და ეტაპობრივად კრებულთა სახით გამოცემას.
კრებულის წარდგინებასა და მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრება საპატრიარქოსთან არსებული გალობის ცენტრის ხელმძღვანელი აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი.
პრეზენტაციაზე "ანჩისხატის" მგალობელთა გუნდი შეასრულებს პირველშეწირულის საგალობლების რამდენიმე ნიმუშს.