"ეს ადგილი ღვთისგან მიტოვებული იყო. ერთადერთი, რის გამოც ხვდებოდა ახალ ამბებში, ის იყო, რომ ბავშვი აფეთქდებოდა ძველ ნაღმზე ჯართის შეგროვებისას",_აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაზიანში ახლად გარემონტებული საჯარო სკოლის გახსნისას.
პრეზიდენტი სასკოლო სახელმძღვანელოების გაიაფებასაც გამოეხმაურა.
"შარშან იმის გამო, რომ ვცადეთ სახელმძღვანელოების გაიაფება, გამომცემლობების მხრიდან საბოტაჟი იყო და 300 ლარამდე გაიზარდა საშუალო პაკეტის ღირებულება. მათ შორის, პირველ კლასელებისთვის 100 ლარამდე გაიზარდა. წარმოიდგინეთ ოჯახები, სადაც არის ერთი ან ორი პენსიონერი, კომუნალური გადასახედები რამდენიმე ათეული და ზოგჯერ ასეული ლარი. სადაც არის ყოველღიური ბრძოლა, რომ საჭმელი ძვირდება და უამრავი რამ ძვირდება ცხოვრებაში. პლუს ბავშვების სწავლა ჯდება უამრავი სწორედ ამ სახელმძღვანელოების ღირებულების გამო", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ქართველი ადამიანის ბუნება ისეთია, რომ ბოლო კაპიკს მოიკლებს და ბავშვებს სწავლას არ დააკლებს. მაგრამ სახელმწიფომ უნდა შეძლოს, რომ ამაზე ხელი არავინ მოითბოს. სწორედ ამიტომ წელს გააიაფეს სახელმძღვანელოები, პირველკლასელებს კი უფასოდ აძლევენ კომპიუტერებს.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ ბავშვებს სახლში წარმოუდგენელი სიღარიბე აქვთ, მაგრამ ისეთ სკოლაში დადიან, როგორშიც სწავლობენ მათი შვეიცარიელი და ჰოლანდიელი თანატოლები.
ცნობისთვის, ვაზიანში სკოლა 1989 წელს გაიხსნა. 1995 წელს სკოლა გაფართოვდა, რის გამოც საჭირო იყო ახალი შენობა. ამის გამო სკოლა მოძრავ-მექანიზებული კოლონის გაუქმებულ შენობაში გადავიდა, სადაც გაუსაძლისი პირობები იყო და შესაბამისი ინვენტარი არ არსებობდა. ამჟამად სკოლის ახალ შენობაში 171 მოსწავლე სწავლობს და 21 კვალიფიცირებული პედაგოგი ასწავლის. სკოლის მშენებლობა 2011 წელს დასრულდა. იგი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა.
დღეს სააკაშვილმა სააკაშვილმა ვაზიანში ახლად გარემონტებული საჯარო სკოლა გახსნა. პრეზიდენტმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, სამოქალაქო თავდაცვის კაბინეტი, კომპიუტერული კლასი, სპორტული დარბაზი დაათვალიერა. მოსწავლეებთან ერთად კი ქიმიური ცდა ჩაატარა. ამასთან, პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა მე-6 და მე-7 კლასის წარჩინებული მოსწავლეები ლიკა ვახტანგიძე და რატი კონცელიძე.