საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. 2011 წელს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის და ეროვნული გალერეის ახალი საგამოფენო დარბაზები დამთვალიერებლებისთვის კვლავ გაიხსნება.
17 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგენენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტისა და ახალი გეგმების პრეზენტაციას.
პრესკონფერენციის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს პირველად მიეცემათ საშუალება დაათვალიერონ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის განახლებული სივრცეები.
1929 წელს აგებული სიმონ ჯანაშიას საქართველოს მუზეუმის შენობის სრული რეაბილიტაცია "ქართუ ჯგუფის" დახმარებით 2007-2010 წწ. განხორციელდა. მუზეუმის სივრცეში შეიქმნა ახალი, თანამედროვე ტიპის საგამოფენო დარბაზები საზოგადოებრივი სივრცეები, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით განახლდა მუზეუმის ეზო და საცავები.
26 მაისს ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება არქეოლოგიური საგანძურის საგამოფენო დარბაზი.