სამოქალაქო მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია ეროვნული თანხმობის დარბაზის შექმნის ინიციატივით გამოდის. იგი მიმართავს სამოქალაქო ლიდერებს, შეიქმნას ეროვნული თანხმობის დარბაზი, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა ქვეყნის მომავლის ბედის დაგეგმვაში მიიღოს მონაწილეობა, მათ უნდა აიღონ ინიციატივა და არა რომელიმე ერთმა პოლიტიკურმა ძალამ.
"ასეთმა ეროვნული თანხმობის ერთობამ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნის მომავალი არ ჩაიბაროს უპასუხისმგებლო და ძალაუფლებისთვის მებრძოლმა ძალებმა. ქართული საქმე ქართველმა ხალხმა უნდა აკეთოს", - აღნიშნულია ბესელიას მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
ბესელია მიიჩნევს, რომ ხალხს უნდა მიეცეს უფლება თავად გადაწყვიტოს ქვეყნის მომავალი და იგი უნდა გახდეს "კოლექტიური ბრძენი".
"დღეს საზოგადოების ნიჰილიზმის გაძლიერებაში ხელის შეწყობა ან უმოქმედობა ამ ხელისუფლების პოლიტიკაში თანამონაწილეობის ტოლფასია. შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი განსაზღვრულია და ეს ბევრ რამეს გადაწყვეტს. მაისის აქცები მორიგი წყალგამყოფი იქნება მომავალი პოლიტიკური რეალობისთვის. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, მხოლოდ მას აქვს უფლება გასცეს მანდატი ან დაიბრუნოს უკან. ამიტომ მთავარი გმირი ჩემთვის არის არა რომელიმე პოლიტიკოსი, არამედ ხალხი, მისი მონაწილეობის მაშტაბი ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება, რადგან ამ მაშტაბით გაიზომება მხარადაჭერა პროცესებისადმი. მაშტაბის მიუხედავად 21 მაისს მე ჩემს ხალთან ვიქნები როგორც ყოველთვის", - აღნიშნა ბესელიამ.
ბესელიას აზრით, პროცესების წარმართვაზე და შედეგზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც გეგმავენ ამ აქციებს, თუკი ისინი უკან დაიხევენ და ხალხს უღალატებენ.
"პოლიტიკოსებმა ერთხელ მაინც უნდა მისცენ ინიციატივის უფლება ხალხს, მათ წარმართონ პროცესი და პოლიტიკოსებმა მხოლოდ ამ ნების სწორ რეალიზებაში დაინახონ საკუთარი როლი. 21 მაისს წელს მეორე წელია, რაც სოლიდარობის დღე გამოვაცხადეთ და ვგეგმავდით ამ დღის აღნიშვნას, მაგრამ პარალელური პროცესები კომიკურ სახეს იღებს, ამიტომ 21 მაისის დღის წესრიგის ერთი საკითხი პატიმრების სოლიდარობის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაც უნდა იყოს", - დასძინა ბესელიამ.