საფრანგეთის მიერ შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, მიხეილ ქარელისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
"მიხეილ ქარელს საფრანგეთმა პოლიტიკურ თავშესაფარზე თანხმობის გადაწყვეტილება 10 მაისს მიიღო", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" საფრანგეთის საელჩოში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ქარელს შიდა ქართლში პრეზიდენტის რწუნებულის პორტი 2004-2007 წლებში ეკავა. 2007 წლის 23 სექტემბერს ის მექრთამეობისა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დააკავეს და მისი აყვანა მაშინ მოხდა, როცა ქარელი საქართველოდან გაქცევას ცდილობდა. გორის რაიონულმა სასამართლომ მას 16-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ქარელი ქართულ პოლიტიკაში აღარ გამოჩენილა. გავრცელებული ინფორმაციით, მან საქართველო დატოვა და ამ დრომდე თავს საფრანგეთს აფარებდა.
ქარელი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარია, რომელიც ასევე საფრანგეთში, პოლიტიკური თავშესაფრით სარგებლობს.