საქართველოს საგარეო უწყება ბათუმში მეჩეთის ნაცვლად თურქული კულტურის ცენტრის შესაძლო აშენების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, საქართველო-თურქეთს შორის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ოქმში ჩადებული პირობები არ შეცვლილა.
"ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რამდენადაც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ოქმში, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია, ამაზე საუბარი არ არის. დოკუმენტში დაფიქსირებული პირობები არ შეცვლილა", - განმარტა კალანდაძემ.
მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შესაბამისი ოქმიც განხილვის სტადიაშია.
"ოქმში მოცემულ პირობებთან დაკავშირებით, როგორც ქართულ, ისე თურქულ მხარეს გარკვეული პრეტენზიები აქვს. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი ჯერ შემუშავებული არ არის", - დასძინა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში მეჩეთის ნაცვლად, შესაძლოა, თურქული კულტურის ცენტრი აშენდეს.