ფუკუსიმაზე მომხდარი ატომური რეაქტორის შემდეგ სულ უფრო პრობლემატურად მიიჩნევა სომხეთის ატომური რეაქტორი.
აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის პროფესორ რიჩარდ რუსოს თქმით, მეწამორის ატომური ელექტროსადგური არა მარტო გამყოფ ფიზიკურ ხაზზეა აგებული, არამედ იგი პოლიტიკურად არასაიმედო რეგიონში მდებარეობს. ამის შესახებ რიჩარდ რუსო Foreign Policy Journal-ში წერს.
მეცნიერის თქმით, მეწამორის ატომური რეაქტორის საშიშროებას ადასტურებს მისი ისტორიაც. კერძოდ, რეაქტორმა შენელებული მოქმედების არაერთი ავარია განიცადა.
„1988 წელს სომხეთის ქალაქ სპიტაკში მომხდარი 6,9 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ, რამაც 25 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, საბჭოთა ჩინოვნიკებმა რეაქტორის დახურვა გადაწყვიტეს. თუმცა სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის უკანონო ოკუპაციის საპასუხოდ, აზერბაიჯანისა და თურქეთის მხრიდან განხორციელებულმა ეკონომიკურმა ბლოკადამ იმის პირობები შექმნა, რომ რეაქტორი შვიდი წლის შემდეგ კვლავაც გახსენეს. ეს კი ექსპერტთა დასკვნის მიუხედავად მოხდა, რომლებიც რეაქტორის დახურვას მოითხოვდნენ",_აღნიშნავს რუსო.
მისი თქმით, ზღვაზე გასასვლელის უქონლობის გამო სომხეთს მოკლევადიან პერსპექტივაში ბირთვული ენერგეტიკის ალტერნატივა არ აქვს. მაწამორის რეაქტორი კი სომხეთის ელექტროენერგეტიკულ მოთხოვნას მხოლოდ 40%-ით უზრუნველყოფს. მისი ჩანაცვლების ყოველგვარი მცდელობა კი უშედეგო აღმოჩნდა.
რუსოს ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2008 წელს სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი აცხადებდა, რომ ახალი ბირთვული ელექტროსადგურის აშენება 2011 წელს დაიწყებოდა და იგი ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდოდა.
თავის მხრივ, სომხეთის მწვანეთა მოძრობის ლიდერი აკოფ სანასარიანი აცხადებდა, რომ მეწამორის სადგური ბირთვული უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამებოდა, რადგან მას არ გააჩნდა ე.წ. შემაკავებელი გუმბათი, რომლის ფუნქციაც, ავარიის შემთხვევაში, რადიაქტიული ნივთიერებების ჰაერში გაფანტვის შეჩერება იყო.
"ამის მიუხედავად, ერევნელი ჩინოვნიკები დაჟინებით ამტკიცებენ, თითქოს სომხეთი იაპონიის მოვლენებისგან დაცულია. ეს იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა სეისმურ ზონაში მდებარეობს", - აცხადებს პროფესორი რუსო.
„აზერბაჯანისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა სახელმწიფოთა შეშფოთების გამო აუცილებელია, რომ სომხეთის ხელისუფლებისგან გარანტია არსებობდეს. კერძოდ, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, ეფექტური გეგმა ამოქმედდება",_წერს რუსო.
შეგახსენებთ, მეწამორის რეაქტორი 1970 წელს აშენდა. სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მისი მუშაობა შეჩერდა, თუმცა საერთაშორისო პროტესტის მიუხედავად, 1995 წელს რეაქტორმა მუშაობა განაახლა. ამასთან, ამოქმედდა მეორე რეაქტორიც. ევროკავშირმა 2011 წლამდე მეწამორის რეაქტორის სასწრაფოდ დახურვა მოითხოვა. მეტიც, ევროკავშირი მზად იყო, სომხეთის ხარჯებისა და ენერგეტიკული მოთხოვნილებისთვის 100 მილიონი ევრო გამოეყო.
ცნობისთვის, ამ ზონაში ბოლო 10 წლის განმავლობაში მომხდარი უმნიშვნელო, მაგრამ გახშირებული მიწისძვრების გათვალისწინებით, მეწამორზე დიდი ავარიის შემთხვევაში, არა მარტო სომხეთი დაზარალდება, არამედ სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა, ასევე,_ახლო და შუა აღმოსავლეთი.