თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლებმა ფრაქციის შიგნით კოოპერატიული ბინათმშენებლობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შექმნეს და კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებელი წარმოების სახელმწიფო დავალიანების შემსწავლელ კომისიას შეუერთდნენ.
პირველი შეხვედრა ფრაქციის გაფართოებული სხდომის ფარგლებში გაიმართა და მას „ქრისტიან-დემოკრატებთან" ერთად, დაზარალებული მოსახლეობაც ესწრებოდა.
სხდომის წევრებმა კომისიის თავმჯდომარედ ჯაბა სამუშია აირჩიეს, მისი მოადგილის კანდიდატად კი ერთ-ერთი კოოპერატივის თავმჯდომარე ნანი წიქარიშვილი წარადგინეს.
"ამიერიდან ჯგუფი საკრებულოში ფრაქციის ფორმატით იმუშავებს, რომლის მეშვეობითაც მოხდება ყველა იმ პირის მოწვევა, რომლებიც საკითხის მოგვარებაზე უშუალოდ აგებენ პასუხს",_ განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ჯაბა სამუშიამ.
მისი თქმით, მომდევნო სხდომა მომავალ კვირას გაიმართება და მასზე ქონების მართვის სააგენტოს უფროსს ვალერიან გვათუას მიიწვევენ.
"ვისაც კოოპერატიულ ბინათმშენებლობებთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ამაში უდიდესი წვლილი თავად მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის. ეს იმ დროიდან მოდის, როდესაც იგი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა",_აცხადებს ფრაქციის თავმჯდომარე ინგა გრიგოლია.
მისი თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" მომდევნო სხდომებზე კონკრეტულ დოკუმენტებსაც წარადგენენ და აპირებენ, საბოლოოდ შექმნან ისეთი კომისია, რომელიც ხელისუფლებას პრობლემის საბოლოოდ მოგვარებასა და მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურებას აიძულებს.
როგორც დაზარალებულები აღნიშნავენ, მერიის მხრიდან მიწის კომპენსაციით მოსახლეობის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი დაკმაყოფილდა. ისინი დედაქალაქის მთავრობას მოუწოდებენ, ბიუჯეტში გამოიყოს თანხა, რათა მოხდეს დაუმთავრებელი სახლების დასრულება, რომლითაც ერთდროულად ასობით ოჯახი დაკმაყოფილდება.