კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია უილიამი და კეტრინი თაფლობის თვეს სეიშელის კუნძულებზე ატარებენ. ამის შესახებ ბი-ბი-სი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები საზღვარგარეთ საქორწილო მოგზაურობაში გამგზავრებას გეგმავდნენ, თუმცა მათი თაფლობის თვის ადგილსამყოფელი არ კონკრეტდებოდა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ახლადჯვარდაწერილები სეიშელის კუნძულებზე ათ დღეს გაატარებენ. ჟურნალისტებისათვის ცნობილი გახდა, რომ კემბრიჯის ახალად გამომცხვარი ჰერცოგი და მისი მეუღლე კუნძულ ფრეგატზე მდებარე ოტელში, საპრეზიდენტო ვილაში დაბინავდნენ, რომელიც დღეში 14,5 ათასი დოლარი ჯდება.
მათ მოემსახურება საკუთარი კარისკაცი და მზარეული. მათთვის მისაწვდომია, აგრეთვე, აუზი ჯაკუზით. კუნძულზე მოგზაურობა კი მცირე ზომის ავტომობილით შეეძლებათ. მთლიანობაში, უილიამისა და კეიტის თაფლობის თვისთვის ერთი მილიონი დოლარის დახარჯვა იგეგმება. ჟურნალისტების ინფორმაციით, პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ყოველდღიური დასვენებისათვის 100 ათასს ხარჯავენ.
შეგახსენებთ, ქეთრინი და უილიამი 29 აპრილს დაქორწინდნენ. მათი ქორწილი 35 მილიონი დაჯდა. ჯვრისწერიდან მალე ისინი ლონდონიდან უელსის კუნძულ ანგლსიზე გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც სამეფო შეიარაღებული ძალების ბაზაა დისლოცირებული. სწორედ ამ ტერიტორიაზე მსახურობს პრინცი უილიამი. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი თაფლობის თვის გადადებას აპირებდა.
ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ივნისის დასაწყისსა და ივლისის ბოლოს კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია თავის პირველ ოფიციალურ ტურნეს კანადასა და აშშ-ში განახორციელებდნენ.