"ქართული პარტიის" პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი "მარგინალ პოლიტიკოსებს" 16 მაისის აქციაზე მისვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.
"16 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის სურვილი ზოგიერთმა მარგინალმა პოლიტიკოსმაც გამოთქვა, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. აქციის გარეთ მათ რაც უნდათ, ის აკეთონ, აქციაზე კი მხოლოდ იმ ძალებს ვეპატიჟებით, ვისაც ქართული ინტერესები ამოძრავებთ და არც რუსეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის ინტერესების გამტარებლებს არ წარმოადგენენ", - აღნიშნა ეროსი კიწმარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმა "მარგინალ პოლიტიკოსებში".
რაც შეეხება 21 მაისს "სახალხო კრების" ორგანიზებით დაგეგმილ აქციას, კიწმარიშვილი მასში "ქართული პარტიის" მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "სპეკულაციას" უწოდებს და აცხადებს, რომ ამის შესახებ პარტიის არც ერთ ლიდერს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ "ქართული პარტია" 16 მაისს საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან აქციის გამართვას გეგმავს.