ოპოზიციური "რვიანი" საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. დავით ბაქრაძის ინიციატივით შექმნილ ჯგუფში შემავალი პარტიების წარმომადგენლებმა ელჩებს ის წინადადებები გააცნეს, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავეს და რომლებზედაც წერილობით პასუხსაც პრეზიდენტისგან ელოდებიან.
"ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ სამართლიან, დემოკრატიულ არჩევნებს და ხელისუფლების მშვიდობიან ცვლას. ამისთვის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო მხარდაჭერით ეს არ გამოვა", - განუცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს "რვიანში" შემავალი "ეროვნული საბჭოს" ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა და დიპლომატიური კორპუსი დადებითად აფასებენ მიმდინარე მოლაპარაკებებს და ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.
"ჩვენ ასევე გავაცანით დიპლომატებს, თუ რა იქნება 31 მაისის შემდეგ. 31 მაისის შემდეგ ოპოზიციური "რვიანი" კვლავაც აპირებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლას, მაგრამ ამას შესაძლოა სხვა სახე ჰქონდეს", - აღნიშნა ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ კონსულტაციებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე გაცემული პირადობის მოწმობებით მოხდეს. მათ შემუშავებული აქვთ საარჩევნო სისტემის 2 მოდელი. ერთის მიხედვით, პარლამენტის ნახევარი აირჩევა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში, პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან 50-პროცენტიანი ბარიერით; მეორე ნახევარი - ერთიანი პარტიული სიებით. მეორე მოდელის მიხედვით კი, პარლამენტის ორი მესამედი აირჩევა პროპორციული სიებით, ერთი მესამედი კი - ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში 50-პროცენტიანი ბარიერით.
მაისის ბოლომდე ოპოზიციური რვიანი პრეზიდენტისგან წერილობით პასუხს ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა კონსტიტუციურ მეთოდს გამოიყენებენ.