საქართველოს პარლამენტი ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხზე ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის. როგორც ჟურნალისტებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, საკითხის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განხილვა მოხდება თუ არა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
მისივე თქმით, პარლამენტმა ჩერქეზთა გენოციდის აღიარებაზე მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა და ქართველი მეცნიერების მიერ, ჩერქეზების მიმართ, რუსეთის იმპერიის მიერ განხორციელებული ქმედებებისათვის, გენოციდის კვალიფიკაციის მინიჭების შემდეგ, პარლამენტი საკითხის განხილვის მეორე ეტაპზე გადადის.
ამასთან, წიკალაურმა კოლეგებს მოუწოდა, გონივრულ ვადებში საკუთარი პოზიციების შესახებ ჩამოყალიბდნენ და თუ კომიტეტის დონეზე ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება, საკითხს განსახილველად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.
ქართველი მეცნიერები რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს გენოციდის კვალიფიკაციას ანიჭებენ.
ამის შესახებ ნათქვამია სამეცნიერო დასკვნაში, რომელიც ქართველი მეცნიერებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა წელიწადნახევირიანი კვლევის შემდეგ მოამზადეს.