ქართველი მეცნიერები რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს გენოციდის კვალიფიკაციას ანიჭებენ. ამის შესახებ ნათქვამია სამეცნიერო დასკვნაში, რომელიც ქართველი მეცნიერებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა წელიწადნახევირიანი კვლევის შემდეგ მოამზადეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ჩერქეზთა გენოციდის თაობაზე სამეცნიერო დასკვნის ერთ-ერთმა ავტორმა მერაბ ჩუხუამ მიმოიხილა ევროპელი, ამერიკელი, რუსი და ქართველი მკვლევარების მიერი აღწერილი, მეცხრამეტე საუკუნის მოვლენები ჩრდილო კავკასიაში.
ჩუხუას თქმით, უცხოელ მეცნიერებში ჩერქეზების საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები ორად იყოფა, კერძოდ კი ნაწილს მიაჩნია, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან განხორციელებული ეთნოწმენდა, ხოლო მეორე ნაწილის შეფასებით იმპერიის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანიმიმართულ გენოციდს.
ჩუხუამ ხაზი გაუსვა, რომ ბევრი ჩერქეზი ადიღეის რესპუბლიკის მიმავალს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ხედავს, თუმცა, სამართლიანობის დასაცავად, ისინი მაინც მოითხოვენ მეფის რუსეთის იმპერიის მიერ, ჩერქეზების მიმართ განხორციელებული გენოციდის აღიარებას.
მისივე ინფორმაციით, ჩერქეზების მიმართ სამხედრო ღონისძიებების შედეგად ეთნიკური ნიშნით განადგურებული იქნა ჩერქეზი მოსახლეობის 90%. საერთო დანაკარგმა მოკლულების სახით გადააჭარბა ჩერქეზების 20%-ს, შესაბამისად, აღნიშნულ მოვლენებს უნდა მიეცეს გენოციდის კვალიფიკაცია.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მსოფლიოში სულ 6 მილიონ 850 ათასი ჩერქეზია, მათ შორის სამშობლოში მხოლოდ 690 ათასი ცხოვრობს. გენოციდის აღიარებას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი 200-მდე ჩერქეზული ორგანიზაცია ითხოვს.