27 აპრილს საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ახალი ჯგუფი ჩამოვიდა. აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, მოხალისეები დავალებების შესრულებას ივლისიდან შეუდგებიან. ისინი ორი წლის განმავლობაში კახეთის და სხვა რეგიონების სკოლებში ასწავლიან ინგლისურს, იმუშავებენ არასამთავრობო ან ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებში.
მშვიდობის კორპუსის პროგრამა საქართველოში პირველად 2001 წელს დაიწყო და დღემდე 386-მა მოხალისემ იმსახურა. საქართველოში მათ კოლეგებს, ზედამხედველებს და საზოგადოების წევრებს გამოცდილება და ამერიკული კულტურა გაუზიარეს, სამშობლოში კი ქართული კულტურის ნაწილი წაიღეს. მშვიდობის კორპუსი მჭიდროდ თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საჯარო სკოლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ახალი ჯგუფის ჩამოსვლამდე საქართველოში 58 მოხალისე ცხოვრობდა.
27 წლის კამრან ბეიკმოჰამედი ერთ-ერთი მოხალისეა. ის აშშ-დან, ჩრდილოეთ კაროლინის შტატიდან ჩამოვიდა. პროფესიით ეკონომისტია და აშშ-ში „ამერიკანს ბანკში" მუშაობდა. კამრანი 2010 წლის ივნისიდან ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში ცხოვრობს და სოფელში მოქმედი სათემო ორგანიზაცია „ლელი I"-ის ბიზნეს მოხალისეა.
„ამერიკის აღმოჩენა შესანიშნავი რამ იყო, მაგრამ უფრო შესანიშნავია, რომ აღმოვაჩინეთ კამრანი. დიდი მონდომებით მუშაობს, ეძებს ფონდებს, წერს პროექტებს, სულ საქმეშია ჩართული, ძალიან ყოჩაღია. მისი დაწერილი ერთი პროექტი უკვე დაფინანსდა და წარმატებით განვახორციელეთ", - აღნიშნა „ლელი I"-ის დირექტორმა ნანა ნერსეზაშვილმა.
სათემო ორგანიზაცია „ლელი I", ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში, „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" და „სამოქალაქო განვითარების ცენტრის" დაფინანსებით, 2006 წელს, საინიციატივო ჯგუფის სტატუსით დაფუძნდა. 2007 წელს საინიციატივო ჯგუფი ორგანიზაციად დარეგისტრირდა. „ლელი I"-ს 100-მდე მოხალისე და 3 თანამრომელი ჰყავს. ორგანიზაციის მიზანი თემის განვითარებაა.
„ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების განვითარებას, ქალთა უფლებების დაცვას, მათი პრობლემების მოკვლევას და გადაჭრას. ასევე ეთნიკური უმცირესობების პრობლემების მოგვარებას, მათთვის ქართული ენის შესწავლას, ინტეგრაციას და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას. ამ მიმართულებით 2010 წელს 2 პროექტი განვახორციელეთ და 12 სოფლის ახალგაზრდები ჩავრთეთ. ერთი პროექტი ახალგაზრდების განვითარებას ეხებოდა, მეორე პროექტი ქალთა პრობლემებს", - ამბობს სათემო ორგანიზაცია „ლელი I"-ის კოორდინატორი გელა თედეევი.
გასულ წელს, „ლელი I"-მა, მშვიდობის კორპუსის, „ღია საზოგადოება საქართველოს", „მუნიციპალური განვითარების ფონდის", „ტასოს" და სხვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით რამდენიმე პროექტი განახორციელა. პროექტების ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ლელიანის მუსიკალური სკოლის შენობის ნაწილში, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის რამდენიმე ოთახი, შეიძინეს ინვენტარი, შეიღობა სასაფლაო, დაირგა 130 კიპაროსის ნერგი, დამზადდა ნაგვის ურნები. ყოველწლიურად ტარდება ინტელექტუალური, სპორტული შეჯიბრები, დასუფთავების აქციები, ტრენინგები. გელა თედეევი ამბობს, რომ 2010 წელს 200-მდე ადამიანი დატრენინგდა, მათგან რამდენიმე სხვადახვა სამსახურში დასაქმდა.
„სათემო ორგანიზაციაში თვენახევრიანი კომპიუტერული კურსი გავიარე. კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატები მოგვცეს. ცოტა ხანში ბანკ „კონსტანტაში" გასაუბრება გავიარე და მუშაობა დავიწყე. ახლა დასაქმებული ვარ და ხელფასი მაქვს, რაც „ლელი I"-ის დამსახურებაა", - გვითხრა თამარ მერმანიშვილმა.
„ლელი I" ამერიკელი მოხალისის ინიციატივით, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის დაწყებასაც გეგმავს. „ჩემი საქმე აქ ძირითადად პროექტების წერა და გრანტების მოძიებაა. მაქვს ინგლისურის კლუბიც, სადაც 20-მდე ახალგაზრდაა გაწევრიანებული. ვაწყობთ დისკუსიებს, ეცნობიან ამერიკულ კულტურას, ტრადიციას, აწყობენ ამერიკულ დღესასწაულებს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი. მშვიდობის კორპუსის დახმარებით, ახალი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ. გვინდა, ფუტკარი მოვაშენოთ და თაფლი გავყიდოთ, შემოსული თანხა ისევ ორგანიზაციის განვითარებას მოხმარდება", - აღნიშნავს კამრან ბეიკმოჰამედი.
ამერიკელი მოხალისე ქართულად კარგად საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლამდე ქართულად ერთი სიტყვაც არ იცოდა. ჩამოსვლის შემდეგ ქართული ენის შემსწავლელი 3 თვიანი კურსი გაიარა და ახლა ქართული გამართულად იცის.
„ენაც ლამაზია და ქვეყანაც. მწვადი და ოჯახური ძალიან გემრიელია. კახური ღვინოც ძალიან მომწონს, საფერავი განსაკუთრებით, მაგრამ ჩემს მასპინძელ ოჯახს თეთრი ღვინო აქვს და იმასაც სიამოვნებით ვსვამ. ხალხს რაც შეეხება, თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს კახეთში და ამიტომ ლელიანში ცხოვრება ძალიან მომწონს", - ამბობს კამრან ბეიკმოჰამედი.
კამრანი აშშ-ში 2012 წლის ივნისში ბრუნდება, თუმცა საქართველოდან სამუდამოდ წასვლას არ აპირებს. გვითხრა, „კახეთში სახლს ვიყიდი და ხშირად ჩამოვალო".
2011 წელი საქართველოში არსებული მშვიდობის კორპუსისათვის განსაკუთრებულია. ის მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის განვითარების 50 წლისთავს, ხოლო ქართველი ხალხის სამსახურში ყოფნის 10 წლისთავს აღნიშნავს.