ეგვიპტის ისლამური მოძრაობის "მუსულმანთა საძმოს" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა აბდელ მონიემ აბულ ფოთუხმა ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩენებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. ამის შესახებ The Wall Street Journal- იტყობინება.
აბდელ ფოთუხის განცხადება "მუსულმანთა საძმოს" ოფიციალურ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. "მუსულმანთა საძმოს" ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე აბდელ ფოთუხის ორგანიზაციიდან გარიცხვის შესაძლებლობას იმ შემთხვევისთვის განიხილავს, თუ იგი თავად არ დატოვებს ამ ორგანიზაციას.
აბდელ ფოთუხს "მუსულმანთა საძმოს" ხელმძღვანელი პოსტები 1987 წლიდან უჭირავს. 1996-დან 2001 წლამდე იგი საკუთარი მრწამსის გამო ციხეში იჯდა.
ჰოსნი მუბარაქის ხელისუფლების დროს "მუსულმანთა საძმოს" მოღვაწეობა ოფიციალურად იკრძალებოდა. თუმცა ამის მიუხედავად,ორგანიზაცია მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერით სარგებლობდა.
ცნობისთვის, "მუსულმანთა საძმო" ეგვიპტის საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ამ მიზნით სპეციალურად შეიქმნა "თავისუფლებისა და სამართლანობის პარტია", რომელსაც ისლამისტები უწევენ კოორდინაციას.
შეგახსენებთ, 30 წლის მანძილზე ეგვიპტეს ჰოსნი მუბარაქი ხელმძღვანელობდა. სამოქალაქო მღელვარების შემდეგ თებერვალში ის გადადგა და ხელისუფლება დროებითი მთავრობის ხელში გადავიდა. 2011 წლის სექტემბერში ქვეყანაში საპარალამენტო არჩევნებია დანიშნული, რასაც ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნები მოჰყვება. არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი მაგატეს ხელმძღვანელმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ და არაბეთის სახელმწიფოთა ლიგის ლიდერმა ამირ მუსამაც გამოთქვეს.