საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი და მინისტრი კობა სუბელიანი კარალეთის დევნილთა ჩასახლებას ესტუმრნენ.
საგარეო მინისტრმა ჩეხეთის მთავრობის დახმარებით გორის რეგიონში არსებული ოჯახური ზრუნვის სამსახური დაათვალიერა და დევნილ მოსახლეობას გაესაუბრა. ოჯახური ზრუნვა ეს არის სამედიცინო და სოციალური სერვისი როგორც დევნილი, ისე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის.
„მინისტრთან ერთად იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლები მოვინახულეთ. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად, ჩვენ ამ ადამიანებისთვის ნორმალური პირობების შესაქმნელად ბევრი ვიშრომეთ. დღეს, მე ამ შრომის შედეგს ვუყურებ და კმაყოფილი ვარ. ამ ადამიანების დახმარებას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ" - აღნიშნა ჩეხმა დიპლომატმა.
კობა სუბელიანის თქმით, პროექტი სწორედ იმ კატეგორიის დევნილებს ემსახურება, რომელთაც დახმარება ნამდვილად სჭირდებათ: „ჩეხეთის მთავრობა ახორციელებს პროექტს, რომელიც გამიზნულია იმ კატეგორიის დევნილებისთვის, რომელთაც საკუთარი თავის მოვლა არ შეუძლიათ და მოვლა-პატრონობა სჭირდებათ. პროექტს ახორციელებს „კარიტასი" ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრიოს დაფინანსებით. დევნილი საზოგადოების სახელით მადლობას ვუხდი როგორც მინისტრს, ისე ელჩს."
ოჯახური ზრუნვის ჯგუფი შედგება ძიძების, ექიმებისა და ფსიქოლოგისგან. ოჯახური ზრუნვის სერვისი შეთავაზებულია ბენეფიციარებისთვის ქალაქ გორში და ახლოს მდებარე სოფლებში (ძევარა, კარალეთი, ქიწნისი, ტყვიავი, დიცი, ფლავი და ა.შ.) ყოველდღიური ცენტრს ნაწილობრივ რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ამჟამად ემსახურება ოჯახურის ზრუნვის სამსახურს როგორც ჯგუფის ბაზა. დაგეგმილია ოთახების შექმნა რეაბილიტაციის პროცედურებისა და სხვა სოციალური აქტივობებისთვის.
პროექტის დაწყებიდან მომსახურება მიიღო დაახლოებით 700 პაციენტმა და განხორციელდა 12600-ზე მეტი ვიზიტი.