დღეს, 13 მაისს, 16.00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება ქართველი მხატვრის ვაჟა მელიქიშვილის პირველი კატალოგის "ჩემი ნამუშევრების არასრული ნუსხა" პრეზენტაცია.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაციას დაესწრებიან ვაჟა მელიქიშვილის ოჯახის წევრები, მოწვეული სტუმრები, ხელოვანები, კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა.
XX საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწის ვაჟა მელიქიშვილის 75 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთაA დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა კატალოგი, რომელიც მხატვრის მთელ შემოქმედებას მოიცავს. მასში ასახულია ვ. მელიქიშვილის მთელი შემოქმედებითი გზა, ის ნამუშევრებიც კი, რომელიც დღეს აღარ არსებობს.
ვაჟა მელიქიშვილი ავტორია მნიშვნელოვანი ნამუშევრების როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ: გამარჯვების სტელა (სიღნარი-1966 წ) აკაკი წერეთლის მემორიალი (საჩხერე-სხვიტორის გასაყარზე - 1988წ), შინ მოუსვლელთა "გრანდიოზული მემორიალი სენაკში" - "დიდების კუბი" (1976-1984 წ), მას ეკუთვნის ბარელიეფების სერია: "დოვლათი" (თბილისი 1969 წ), კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში განათავსებული "თბილისური მოტივი", თბილისის სიონის კარიბჭისათვის შექმნილი, სახარების მოტივებზე აგებული კომპოზიცია "ღვთისმშობელი ყრმით". მოქანდაკის შექმნილია ქართველი მოღვაწეების შალვა დადიანის, ვალერიან გუნიას პორტრეტები, მიხეილ თამარაშვილის ქანდაკება და 120-ზე მეტი ფიგურა.
ვაჟა მელიქიშვილის სახელს უკავშირდება ქართული წიგნის მხატვრობის განვითარების სრულიად ახალი ეტაპი. წიგნის გრაფიკის თვალსაზრისით გამორჩეულია ირაკლი აბაშიძის ცნობილი წიგნი "რუსთაველის ნაკვალევზე", ასევე მისი ილუსტრაციები მეფე ვახტანგ VI- ისა და სულხან-საბა ორბელიანის "ქილილა და დამანას" გამოცემისთვის. ვაჟა მელიქიშვილის დროებით მოხსნილი ქანდაკება "მოლოდინი-მწუხარე დედა", რამდენიმე დღეში ისევ რუსთაველზე, ეროვნული გალერეის წინ აღიმართება.