დღეს, 13 მაისს, 14:00 საათზე, მედიის განვითარების ფონდის ინიციატივით, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა, სახელწოდებით "მედიამონიტორინგი _ პროფესიონალური და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის".
პროექტის მიზანია საქართველოს მედიის საქმიანობის შეფასება კანონმდებლობასა და მედიასტანდარტებთან მიმართებაში; მედიაში არსებული ეთიკური თუ პროფესიონალური პრობლემების იდენტიფიცირება; დისკუსიის ორგანიზება მათ შესახებ; პროფესიონალური მედიის განვითარების ხელშეწყობა.
როგორც მედიის განვითარების ფონდში აცხადებენ, ამის აუცილებელი პირობაა მედიის წარმომადგენლების, პრაქტიკოსი ჟურნალისტებისა და მედიის ექსპერტების აქტიური თანამშრომლობა.
შეგახსენებთ, მედიის განვითარების ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით 2011 წლის გაზაფხულიდან დაიწყო ერთთვიანი მედიამონიტორინგების ციკლის განხორციელება. პროექტში ჩართული არიან ფონდისა და მოწვეული მედიაექსპერტები. ერთი წლის განმავლობაში გათვალისწინებულია მონიტორინგის ჩატარება 35 თემაზე.