დღეს, 13 მაისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს სამდღიანი შემოქმედებითი ვიზიტით ეწვევა მილანის "ლა სკალას" აკადემიის საერთაშორისო პროექტების განვითარების მენეჯერი, ცნობილი მუსიკალური მოღვაწე ლუკა ტარჯეტი. მისი სტუმრობის მიზანია საქართველოს მუსიკალურ-შემოქმედებითი პოტენციალის ახლოს გაცნობა და საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან "ლა სკალას" აკადემიაში სტაჟირების მსურველ მომღერალთა შესარჩევი მოსმენა.
მოსმენა გაიმართება 14-15 მაისს მთავრობის კანცელარიის დარბაზში, სადაც ოპერის თეატრის რეკონსტრუქციის პერიოდში სარეპეტიციო საქმიანობას ეწევიან ოპერის თეატრის გუნდი, სიმფონიური ორკესტრი და სოლისტები.
"ლა სკალას" აკადემიის გამოცდებისწინა შესარჩევი მოსმენის გამართვა თბილისში, სპეციალურად აღნიშნული ქვეყნების მომღერლებისთვის, უპრეცედენტო შემთხვევაა, რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო საოპერო თეატრმა "ლა სკალამ" ამ რეგიონში აქტიური პარტნიორობისთვის ყურადღება შეაჩერა სწორედ საქართველოზე, კერძოდ, თბილისის ოპერის თეატრზე, რომლის პოტენციური განვითარების პერსპექტივა სწორად განჭვრიტა "ლა სკალას" ხელმძღვანელობამ მიერ და რაც იმასაც მიანიშნებს, რომ მალე ამ ორ თეატრს შორის მომავალი ერთობლივი გეგმები ჩამოყალიბდება.