მარჯანიშვილის თეატრში ქართველი და უკრაინელი დრამატურგებისთვის ლონდონის როიალ ქორთის თეატრის უორქშოფი დასრულდება. უორქშოპი, რომელიც 8 მაისს დაიწყო, ბრიტანეთის საბჭოს, თუმანიშვილის თეატრის ფონდისა და მარჯანიშვილის თეატრის ერთობლივი პროექტია.
ლონდონის როიალ ქორთ თეატრის ასოცირებული დირექტორი და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი ელის დოჯსონი და ამავე თეატრის დრამატურგები ეიფრილ დე ანჯელისი და ნიკ ფეინი 14 ქართველ და უკრაინელ დრამატურგთან 6 დღის განმავლობაში მუშაობდნენ და უზიარებდნენ გამოცდილებას, როგორ ხდება სხვადასხვა პროცესში დრამატურგების ჩართვა, პიესის ტექსტის განვითარება და/ან რეჟისურა.
ელის დოჯსონის განცხადებით, უორქშოფის მიზანი იყო როიალ ქორთის თეატრისა და ქართველი და უკრაინელი პარტნიორების ურთიერთთანამშრომლობა, ახალი, თანამედროვე პიესების შემქნის მიზნით.
პროექტის პარტნიორები იმედოვნებენ, რომ ახალი დრამატურგიის ცნების შეთავაზება ხელს შეუწყობს ქართული და უკრაინული თეატრების განვითარებას, ასევე დიდი ბრიტანეთის პოპულარიზაციას შემოქმედებითი და ინოვაციური თვალსაზრისით და უზრუნველყოფს სამივე ქვეყნის შემოქმედთა თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.