აშშ-ის სპეცსამსახურების ხელში ოსამა ბინ ლადენის ჩანაწერების წიგნი აღმოჩნდა. ამის შესახებ France-Presse-ი აშშ-ის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება. უბის წიგნაკს აბოტაბადში მიაგნეს, სადაც ნომერ პირველი ტერორისტი მოკლეს.
სააგენტოს ცნობით, საუბარია არა დღიურზე, არამედ ჩანაწერების წიგნზე. მასში პირადი ხასიათის არანაირი ჩანაწერი არ მოიპოვება. ტექსტის მიხედვით, შეუძლებელია იმის დადგენაც, თუ სად იმყოფებოდა და რით იყო დაკავებული ბინ ლადენი.
France-Presse-ის ანონიმური თანამოსაუბრე აცხადებს, რომ "ალ-ქაიდას" ლიდერი უბის წიგნში სამომავლოდ განსახორციელებელ ტერაქტებს იწერდა. კერძოდ, წიგნაკში აშშ-ის ქალაქზე თავდასხმის გეგმაცაა მოცემული. უფრო ზუსტად, გადმოცემულია დიდი რაოდენობით ამერიკული მატარებლებისა და თვითმფრინავების ხელში ერთდროულად ჩაგდების იდეა.
შეგახსენებთ, ოსამა ბინ ლადენი პაკისტანში 1 მაისს მოკლეს. მისი ლიკვიდაციის ოპერაცია აშშ-ის სპეცსამსახურებმა განახორციელეს. იმ ბინაში, სადაც ბინ ლადენი იმალებოდა, ამერიკელებმა ხუთი კომპიუტერი, რამდენიმე დისკი და DVD აღმოაჩინეს.