ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა უახლოეს მომავალში ახლო აღმოსავლეთის მიმართ თეთრი სახლის ახალ მიდგომას გაახმოვანებს.
"თავდაპირველად ბარაკ ობამა გეგმავდა მაისის დასაწყისში წარმოედგინა ახლო აღმოსავლეთის შესახებ ახალი სტრატეგია, თუმცა პაკისტანში უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციის წარმატებული ოპერაციის შემდეგ საჭირო გახდა გარკვეული შესწორებების შეტანა", - იუწყება ტელეკომპანია "FOXnews".
ობამას თანაშემწეები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებზე ისაუბრებს.
"აღნიშნულთან დაკავშირებით, ის აღნიშნავს, რომ დემოკრატიული ფასეულობების გამო გაერთიანებული ხალხის გამოსვლები, რომელიც ტუნისსა და ეგვიპტეში დაიწყო, რეგიონის სხვა ქვეყნებსაც სწრაფად მოედო", - აცხადებენ ამერიკელი დიპლომატები.
ამასთან, ობამას გარემოცვაში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიის აშშ-ს პრეზიდენტი სავარაუდოდ 23 მაისამდე, ევროპული ტურნის დაწყებამდე გააჟღერებს.