ოპოზიციური რვიანი ხელისუფლებას მოსახლეობაში არჩევნებისადმი ნიჰილიზმის გაღვივებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საუბარია რვიანის მიერ ხელისუფლების მიმართვაში, რომელიც ჟურნალისტებს დღეს პრესკონფერენციაზე "კონსერვატორების" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა გააცნო.
"ოპოზიციური რვიანის სამართლიანი, პრინციპული პოზიციისა და სწორი ტაქტიკის გამო სააკაშვილის გუნდი ვერ ახერხებს პროცესის მისთვის სასურველი შედეგით დასრულებას და ამიტომ არ უბრუნდება საარჩევნო მოლაპარაკების მაგიდას", - ნათქვამია მიმართვაში.
ამასთან, რვიანში შემავალი პარტიების მტკიცებით, საერთაშორისო თანამეგობრობა ხელისუფლებისგან ცალსახად და დაბეჯითებით მოითხოვს საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციასთან შეთანხმებას, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობას.
"ამგვარ მძიმე ვითარებაში აღმოჩენილი მმართველი რეჟიმი ოპოზიციურ რვიანის სამართლიანი მოთხოვნებისგან თავის დასახსნელად ხელს უწყობს მოსახლეობაში არჩევნებისადმი ნიჰილიზმის გაღვივებას და პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას. ჩვენ რვა პოლიტიკურმა პარტიამ არაერთხელ განვაცხადეთ და კვლავ ვიმეორებთ, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. საარჩევნო მოლაპარაკებში ჩვენ ვართ ერთიანი პოზიციის მქონე მხარე და ხელისუფლებისგან მოვითხოვთ საჯარო და გამჭირვალე გზით შეთანხმების მიღწევს", - განაცხადა ძიძიგურმა.
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცეში ჩართული ოპოზიციური პარტიები ასევე მიმართავენ მიხეილ სააკაშვილს შეწყვიტოს უღირსი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა და ხელის შეუწყოს საარჩევნო საკითხებზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.