"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთ ლიდერი მამუკა კაციტაძე, "ქართული პარტიის" ლიდერ სოზარ სუბარის გუშინდელ სატელევიზო გამოსვლას სამარცხვინოს უწოდებს. მისი თქმით, სუბარს ანალიზის შეზღუდული საშუალება იმის მეტ საშუალებას არ აძლევს, რომ ერთი პოლიტიკოსი მეორეს რომ ხვდება აუცილებლად ფულზე უნდა ილაპარაკოს.
"ირაკლი ალასანია მაღალი რანგის დიპლომატი იყო, ხვდებოდა ლავროვსაც და სხვა მსოფლიო პოლიტიკოსებსაც. მას მერეც ხვდება პოლიტიკოსებს. სუბარმა ვერ გაამყარა უსუფაშვილის თხოვნის მიუხედავად მისი არგუმენტები. რაც შეეხება, ალიანსის პრორუსულობას. მარტივად ვიტყვი, ერთი ანდაზა გამახსენდა. "გაღმა შეედავე, გამოღმა დაგრჩებაო". ეს ჭირს ეხლა სუბარსაც, ეს ჭირს "ქართულ პარტიასაც". როგორც ჩანს ისინი იქცნენ გარკვეულ პოლიტიკურ კოსმეტოლოგებად, და ცდილობენ ფრანგული ხისტი ფრაზები გადმოაქართულონ ცოტა უფრო ლოიალურად და რბილად. ეს მათი პრობლემაა", - განაცხადა კაციტაძემ.
კაციტაძის თქმით, სამწუხაროა როდესაც ადამიანი, რომელსაც ერთის მხრივ ღირსებაზე აქვს საუბარი, მეორეს მხრივ აბსოლუტურად პასკვილურ, შეთითხნილ ბრალდებებს იგონებს ყოფილ პარტნიორებზე.
"ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარის ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გაკეთებული განცხადების თანახმად, "ალიანსი საქართველოსთვის", 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რუსეთთან გარიგებაში იყო.
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერთან, დავით უსუფაშვილთან გამართულ დებატებზე აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანიასა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის მიუნხენში შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა, იყო დაგეგმილი და წინ უძღოდა სხვა შეხვედრები, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.
"ქართული პარტიის" ლიდერის ბრალდება პოლიტიკოსებს შორის მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. უსუფაშვილმა სუბარს ნაძირალა უწოდა.