ოპოზიციური "რვიანი" ხელისუფლებისგან წერილობით პასუხს მაისის ბოლომდე ელოდება. ამის შესახებ დღეს, "ეროვნული საბჭოს" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "რვიანში" შემავალი "კონსერვატორების" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
მისი თქმით, "რვიანმა" ხელისუფლებას სპეციალური მიმართვა უკვე გაუგზავნა და მის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე კონკრეტულ წერილობით პასუხებს ელოდებიან.
"დადგენილ ვადებაში ხელისუფლების პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში მოლაპარაკების მიმდინარე პროცესის ჩაშლაზე და მის შედეგებზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს დაეკისრება", - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა და დასძინა, რომ ოპოზიცია სახელისუფლებო გუნდისგან პასუხს ამომრჩეველთა აღრიცხვისა და საარჩევნო სისტემის მოდელების შესახებ საკითხებზე ელოდება.
იმ შემთხვევაში კი, თუ ხელისუფლება მოლაპარაკებების პროცესებს ჩაშლის, ოპოზიციური რვიანი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად კონსტიტუციური გზით ბრძოლას გააგრძელებს.