"ახალი მემარჯვენეები" ხელისუფლებას გლეხებისა და ფერმერების პრობლემების იგნორირებაში ადანაშაულებენ და აგრარული სექტორის დასახმარებლად რადიკალური ზომების მიღებას მოითხოვენ.
„მიუხედავად იმისა, რომ საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებამდე სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფართომასშტაბიან კამპანიას აწარმოებდა და გლეხებს და ფერმერებს სერიოზულ დახმარებას ჰპირდებოდა ამერიკული ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესლის შეძენაში, დათესვასთვის ტექნიკით და მოსავლიანობის გაზრდისთვის მინერალური სასუქებით უზრუნველყოფაში, რეალურად მხოლოდ ერთი შეასრულა : სამინისტრომ თესლის გავრცელებაზე ზედმეტი გულმოდგინებაც კი გამოიჩინა. რაც შეეხება დანარჩენ ორ დაპირებას, მათ შესრულებაზე თავი აღარ შეუწუხებია," - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების"
რეგიონული სამსახურის უფროსმა, გიორგი ასათიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, "შედეგად, თესვის სეზონი პრაქტიკულად დამთავრდა, საქართველოს თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო რაიონში კი მიწების უდიდესი ნაწილი მოუხნავ-დაუთესავია".
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეცვალოს ხელმძღვანელი კადრები აგრარულ სექტორში, სამინისტროს სათავეში ჩაუყენოს უნარიანი, გამოცდილების მქონე ადამიანები, რომლებიც მეცნიერებთან, სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავებენ და განახორციელებენ რადიკალურ ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის სექტორში მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის", - აღნიშნა "ახლების" წარმომადგენელმა.